ერდოღანი: „რეფერენდუმი" უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს ძირს უთხრის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმი“ გაართულებს „დიპლომატიური პროცესის“ წინსვლის მცდელობებს.

ერდოღანის ოფისის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უზრუნველყოს ყოველგვარი მხარდაჭერა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით".

სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ერდოღანს „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე პრინციპული პოზიციისთვის უკანონო ფსევდორეფერენდუმების არაღიარების შესახებ, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარა".

21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. 

რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.